ლევან ჩაჩუა: მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი
ექსპერტი ლევან ჩაჩუა ელოდა, რომ სასამართლო მას გაამართლებდა. ამის შესახებ ჩაჩუამ ჟურნალისტებს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განუცხადა. „მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ექსპერტმა. კითხვაზე – აპირებს თუ არა ჩაჩუა იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებმაც ბრალი წაუყენეს, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას, როგორც ექსპერტმა განაცხადა, ასეთ რამეს არ გეგმავს.
“ყველა უშვებს შეცდომას, ყველა ადამიანია. არანაირ ჩივილს არ ვაპირებ”, – განაცხადა ჩაჩუამ. როგორც ექსპერტის ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ აღნიშნა, მოსამართლეს სხვა განაჩენის გამოტანის უფლება არ ჰქონდა. “აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. ამას ვეუბნებოდი ლევან ჩაჩუასაც, რომელთან მიმართებაშიც სამართალი აღდგა”, – განაცხადა ტაბიძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობა ედებოდა ბრალად – პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.