რა დამარხეს სოფელ ჭყოპიანის მთებში სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა
აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ჭყოპიანის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, 2012 წელს, ზაფხულში დილის 6 საათზე, მის სოფელში რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა, რომელსაც „კოვშიანი“ ტრაქტორიც მიჰყვა. სოფლის მცხოვრებთან ინტერვიუს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.
წყაროს ინფორმაციით, საბარგო მანქანის ძარაზე კასრისმაგვარი რაღაცები ეწყო და მანქანას ფორმიანი სამართალდამცველები მიაცილებდნენ. მისივე თქმით, მანქანის უკან ჩამოვლის შემდეგ ძარაზე აღარაფერი იდო, ხოლო მოგვიანებით, იმ ადგილას, საითაც მანქანები წავიდნენ, მოსახლეობამ გათხრების კვალი აღმოაჩინა.
სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის აზრით, ამ დღეს უცნობმა პირებმა, მათი სოფლისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იარაღი დამარხეს. სხვები კი ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური ნარჩენები ჩაფლეს.
„სოფელში, 2012 წლის ზაფხულში, დილის 6 საათზე, ტრაქტორთან ერთად საბარგო მანქანები შემოვიდნენ. მანქანის ძარაზე რაღაც კასრების მაგვარი ეწყო, რომელსაც პოლიციელები თუ სამხედროები მიაცილებდნენ. რამდენიმე საათში მანქანებმა უკან ჩამოიარეს, ძარებზე უკვე აღარაფერი იდო. უცნაურ სტუმრები შორს რომ დავიგულეთ, რამდენიმე კაცი იმ მიმართულებით გავემართეთ, საითაც მანქანები მიდიოდნენ. რამდენიმე კილომეტრში, უკაცრიელ ადგილზე, იქ სადაც ოდესღაც სოფელი დევენამუხლი იყო, გათხრების კვალი აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა „ტარიელმა“.
გამოცემის რესპონდენტი აცხადებს, რომ ადგილზე, სადაც მათთვის უცნობი კასრები ჩაფლეს, იმ წყაროების სათავეებია, რომელსაც ჭყოპინელები სასმელად და სარწყავად იყენებენ, ამიტომაც ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
გამოცემასთან სავარაუდოდ „საიდუმლო სამალავის“ შესახებ, კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც საუბრობს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ამასთან დაკავშირებით უშიშროების სამსახურს ზუსტი ინფორმაცია აქვს.