ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი მეორე დნმ ქალს ეკუთვნის – პირი იდენტიფიცირებულია
სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი მეროე დნმ-ის კვალი ქალს ეკუთვნის. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავამ განაცხადა.
„მეორე დე-ენ-ემი ქალის არის“, – ამბობს შანავა. გარდა ამისა, მან ქალბატონის ვინაობაც დაასახელა, თუმცა გამოცემა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებისთვის საიდუმლოა და ის ციალა შანავას ემოციურად წამოსცდა, რის გამოც ვინაობა არ საჯაროვდება.
გამოცემასთან საუბრისას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილიც ადასტურებს, რომ საფლავზე აღმოჩენილი დე-ენ-ემის მეორე კვალი იდენტიფიცირებულია.
„გიდასტურებთ, რომ დე-ენ-ემის მეორე კვალზე იდენტიფიკაცია მომხდარია და პირი გამოძიებისთვის ცნობილია… მეორე დე-ენ-ემი აღმოჩენილი იყო შემთხვევის ადგილზე, საფლავის ფილაზე“, – აცხადებს მოსიაშვილი.
მისივე განმარტებით, პირის იდენტიფიკაცია საკმარისი ვერ იქნება ბრალის წარსადგენად, რადგან, გია სოსანაშვილის დე-ენ-ემის კვალისგან განსხვავებით, მეორე პირის დე-ენ-ემი დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი არ არის.