ბიძინა ივანიშვილი: დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განმარტა, თუ რატომ შეირჩა გადაცემისთვის ტელეკომპანია “ჯი-დი-ესი”. როგორც ექსპრემიერმა განაცხადა, სურდა, გადაცემა „20/30“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო, თუმცა კითხვებს და მედიაბალანსის დარღვევას თავი აარიდა.
“ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულიყო, მაგრამ არგუმენტირებული კითხვები გაჩნდებოდა ოპოზიციის მხრიდან, რატომ მაინცდამაინც ივანიშვილის პროექტიო და ამას თავი ავარიდე. ამასთან ერთად, თვითონ პროექტი იხვეწებოდა და ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ არ ვართ კმაყოფილნი, მაგრამ დროში გავაუმჯობესებთ. ამ პროცესის მოთმენა საზოგადოებრივზე რთული იქნებოდა. რატომ კერძო ტელევიზია არა?! – ძალიან ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ის მედიაბალანსი, რაც ახლა არსებობს, ჩემი ჭარბი რესურსებით არ დავაზიანო. ალბათ, მქონდა საშუალება, მოვლაპარაკებოდი კერძო ტელევიზიებს, მაგრამ მათი დღევანდელი ფუნქცია და ის ბალანსი, რაც არსებობს მედიასივრცეში, დაირღვეოდა. ამასაც მოვერიდე. ძალიან ფაქიზად ვექცევი ტელეკომპანიებს. ჯობია არ შევეხო იმას, რაც არსებობს და დამატებით ახალი გავაკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები