ბიძინა ივანიშვილი: შევეცდებით, მოსახლეობას რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი და აქცენტები მივაწოდოთ

 შევეცდებით, მოსახლეობას რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი და აქცენტები მივაწოდოთ, – ამის შესახებ „საზოგადოება 20/30“-ის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “კვირის 20 30“ განაცხადა. ივანიშვილის განმარტებით, პროექტის „საზოგადოება 20/30“-ის მიზანია, საქართველოში მიმდინარე მოვლენების კვალიფიციური ანალიზი და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
როგორც ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია “ჯი-დი-ესის” ეთერში განაცხადა, მედიაში კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს და მოსახლეობას სიცრუეს აწვდის, რის გამოც, საზოგადოებას უჭირს გაგება, თუ რა ხდება რეალურად.
„პროექტის „საზოგადოება 20/30“-ის მიზანი გახლავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ძირითადად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების კვალიფიციური ანალიზი. ამავდროულად, ისეთ თემებსაც განვიხილავთ და გავაკეთებთ სწორ აქცენტებს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს განვითარების სტრატეგიის გასაგებად და დასალაგებლად. ამისთვის ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი ჯგუფი. 60 კაცზე მეტი შედის დღეს „საზოგადოება 20 30-ში“. მათ რიცხვში არიან ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანები, რომლებსაც  ანალიზის უნარი აქვთ. ჩვენ შევეცდებით,  რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი და აქცენტები მივაწოდოთ მოსახლეობას, ის, რაც, ჩემი აზრით, აკლია დღევანდელ მედიასივრცეს… დღეს მედიაში ძალიან მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა და ძალიან ბევრ სიცრუეს აწვდის მოსახლეობას. საზოგადოებას ძალიან უჭირს, სწორად გაიგოს, რა ხდება რეალობაში და სწორი ანალიზი მიიღონ მიმდინარე მოვლენებზე. ამავდროულად, კარგად გავაცნობიეროთ ჯერ ჩვენ, შიგნით, დავალაგოთ თემები და შემდგომ საზოგადოებას მივაწოდოთ, სად ვხედავთ განვითარების სტრატეგიას, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და როგორ უნდა წავიდეს და განვითარდეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები