პრემიერი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას იწყებს. როგორც “კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ახალციხეს ეწვევა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რეგიონის საწარმოო რესურსების შესახებ ისაუბრებს.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის მეთაურის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულის ოფისში, ხვალ 15:00 საათზე დაიწყება. პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.