თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ დატოვა
თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ დატოვა. როგორც „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდას) აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანი აცხადებს, თბილისის მერიის საკონკურსო-საატესატაციო კომისიაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენების გამო, იგი აღნიშნულ კომისიას ტოვებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერს, დავით ნარმანიას წერილობით უკვე აცნობა.
„გაჩნდა შეკითხვები როგორც მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე პროცესის სამართლიანობაზე. დაკვირვების პროცესში მონაწილეობის მიღების მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამის განხორციელების შესაძლებლობა სრულად არ მიეცათ. თავად მე, კომისიის წევრს, დღემდე არ მიმიწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახა კომისიაში მსჯელობის საგანი საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია მე გამოვითხოვე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ამ თემაზეც არ მაქვს საბოლოო პასუხი.
მივწერე ქალაქ თბილისის მერს – მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების გათვალისწინებით, მე უკვე ჩემი მისია ამოვწურე და მაქვს სურვილი, რომ დავტოვო კომისიის შემადგენლობა“,- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.