ტრისტან წითელაშვილი: თავდაცვის სამინისტრო ვერ იქნება ბრძოლისუნარიანი, სანამ დამნაშავე კადრებისგან არ გათავისუფლდება
პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესს მიესალმება. როგორც წითელაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს გაწმენდა “დამნაშავე ოფიცრებისგან“ აუცილებელია.
„მე აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რადგან ჩვენ, სამხედრო ექსპერტები და სამხედრო უფლებადამცველები ვთანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას წარვუდგინეთ იმ ოფიცერთა სიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” დროს ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. აქედან გამომდინარე, მინდია ჯანელიძემ დაიწყო რეორგანიზაცია და იმ პირების შესწავლა, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი აქციების დარბევებში. მე, როგორც სამხედრო ექსპერტი, პირადად ვთანამშრომლობ და თვალყურს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს. მინდია ჯანელიძეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. აღნიშნული რეორგანიზაცია თავის დროზე უნდა გაეტარებინა ირაკლი ალასანიას. მაგრამ, ალასანიამ ეს არ გააკეთა. ჩვენ გვქონდა მცდელობა მასთან თანამშრომლობის, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს თავდაცვის სამინისტროდან ამ პირების წმენდა. რადგან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ იქნება ბრძოლისუნარიანი, სანამ დამნაშავე ადამიანებისგან არ გათავისუფლდება”, – განაცხადა წითელაშვილმა.