„სამი თაობა სახელმწიფოს შექმნისთვის“ – განათლების პროპაგანდის მიზნით ახალი პროექტი იწყება
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პროექტის „განათლება გამოგარჩევს“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ქართულმა უნივერსიტეტმა და ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ წარადგინეს.
„კვირასთან“ საუბრისას პროექტის ავტორმა/ჟურნალისტმა თამარ ბელქანიამ განმარტა, რომ სატელევიზიო და საუნივერსიტეტო ველის გაერთიანებით განათლების პროპაგანდა განხორციელდება. მისივე თქმით, პროექტის „განათლება გამოგარჩევს“ ფარგლებში დაიგეგმება მედიააქტივობები და შეიქმნება საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმები. ფილმების ავტორი კი ჟურნალისტი თათია პაჭკორია იქნება და მასში წარმოჩენილი იქნებიან, როგორც უნივერსიტეტის ლექტორები, ასევე წარჩინებული სტუდენტები.
„განათლება ეს არის ყველაზე გრძელვადიანი ინვესტიცია. მსოფლიოში მინდინარე პროცესები ადამიანს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომ მხოლოდ ხარისხიანი განათლებით არის შესაძლებელი თვითდამკვიდრება. პროექტის შედეგი იქნება ქვეყანაში განათლებული ადამიანის წარმოჩინება და სწორება პროფესიონალიზმზე. სახელმწიფოს შექმნაში სამი თაობა ჩაერთვება“, – აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
დღევანდელ პრეზენტაციაზე უკვე წარმოდგენილი იყო პროექტის პირველი ნაწილი – დოკუმენეტური ფილმი „ქართული უნივერსიტეტი“, სადაც ასახულია ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეა და მისია. ფილმის სატელევიზიო პრემიერა დღეს, „ერთსულოვნების“ ეთერში 23:15 წუთზე შედეგბა, რის შემდეგაც ის სოციალური ქსელის საშუალებითაც გავრცელდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.