სად დაიწყო მუშაობა დავით ზალკალიანმა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, “თავისუფალი დემოკარტების” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზალკალიანი გახდა. დავით ზალკალიანმა აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი გოგსაძეს ჩაანაცვლა. გოგოსაძე ფონდის გამგეობის შემადგენლობაში რჩება.
ფონდის მისიასთან დაკავშირებით “კვირას“ თავად დავით ზალკალიანი ესაუბრა. მისი თქმით, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მისიაა თანამედროვე გამოწვევების ფონზე ხელი შეუწყოს საქართველოს როლის და ფუნქციის გამოკვეთას, საქართველოს და მისი სამეზობლოს შესახებ ცოდნის გარღმავებასა და გავრცელებას. ფონდის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: განათლება, სამეცნიერო კვლევა, საქართველოსა და მის სამეზობლოში სხვადასხვა კულტურებს, ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებისა და დიალოგის ხელშეწყობა. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული შესწავლაა.
“ფონდს უკვე განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, მათ შორის: დისკუსიები აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე; სატელევიზიო მედიის რეგულირება საქართველოში; საჯარო ლექციების სერიები საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ; უმცირესობათა ინტეგრაცია საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, სტუდენტთა აკადემიური ნაშრომების კონკურსი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძლებს სხვადასხვა საქმის პროექტების განხორციელებას.1490999_352049938334529_1024701819_n
ზალკალიანის განცხადებით, ლევან მიქელაძის ფონდი არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2010 წელს. მისი დამფუძნებლები არიან ლევან მიქელაძის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები. ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ცნობილი დიპლომატები და საერთაშორისო ექსპერტები: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე რიჩარდ არმიტიჯი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები – კენტ ბრაუნი, უილიამ კორტნი, კენეტ იალოვეცი, რიჩარდ მაილისი. ავსტრიისა და ბელგიის სამეფოს ყოფილი ელჩები საქართველოში ჰაიდე მარია გიურერი და დანიელ დელ მარმორი. ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკა – ევროპის ცენტრის დირექტორი ფიონა ჰილი და სხვები.
ცნობისთვის, ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი ლევან მიქელაძე დაიბადა თბილისში, 1957 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიის სპეციალობით 1978 წლიდან მუშაობდა მეცნიერ მუშაკად საქართველოს მეცნიერების აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1979 წელს ლევან მიქელაძე მუშაობდა თარჯიმნად ავღანეთში, ქაბულის სამედიცინო აკადემიაში . 1980 წლიდან იყო მკვლევარი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ავღანეთის თემაზე. 1989 – 1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სამეცნიერო მდივნად. 1992 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის უფროსად.1994 წელს ლევან მიქელაძე იყო ფულბრაითის სტიპენდიანტი სტანფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო მრჩეველი. 1995 წლიდან ლევან მიქელაძე მუშაობდა უფროს მრჩევლად ამერიკულ შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში. 1996 წელს იგი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში და ამავდროულად საქართველოს წარმომადგენლად ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2002-2006 წლებში ლევან მიქელაძე გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში, 2006 წლიდან კი შვეიცარიაშიის კონფედერაციაში. 2007 წლის 7 ნოემბერს, მთავრობის მიერ თბილისში ოპოზიციური აქციის ძალადობრივად დაშალის პროტესტის ნიშნად მან დატოვა თანამდებობა. დიმპლომატიური სამსახურიდან წასვლის შემდეგ ეკავა საგარეო საქმეთა მენეჯერის თანამდებობა კომპანიაში Tethys Petroleum Limited-ში. 2009 წლის თებერვალში ლევან მიქელაძე შეუერთდა ოპოზიციურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსათვის“. 2009 წლის 26 აპრილს იგი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები