ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სენატში მიპატიჟება არამეგობრული ჟესტია

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის სენატში დაპატიჟება მეგობრულ ჟესტი არ არის. მისი თქმით, ეს საქართველოს პირდაპირი შეურაცხყოფაა. მისივე შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ პატივი უნდა სცე ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებას, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მის მიერ ძებნილი პირი არ უნდა მიიღო ოფიციალურ წარმომადგენლად შენი ქვეყნის უმაღლეს ორგანოებში.
„გასულ კვირას შეგნებულად არ გამოვეხმაურე სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს და საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა შეურაცხყოფას, რაც ყველამ ვიხილეთ ტელეეთერებში. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩვენს ხელისუფლებას, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, როგორც კლასიკურ მაგალითს უთავმოყვარეო ხელისუფლებისა, ხმა არ ამოუღია, მით უფრო, რომ საქმე ეხებოდა პრობლემას, რომელზეც აშშ-ის მთავრობისთვის უნდა დასმულიყო კითხვა. მხედველობაში მაქვს ვითარება, როდესაც ქვეყანაში ოფიციალურად ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა აშშ-ის სენატში და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოიხსენიებოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და მთავარი მომხსენებლიც კი იყო.
ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი სახელმწიფოსი, ეს არის გაგრძელება იმ შეურაცხმყოფელი პოლიტიკისა, რომლის მაგალითი იყო თუნდაც ევროკავშირში ხელშეკრულების რატიფიცირების დროს ძებნილი პრეზიდენტის მთავარ სტუმრად მიწვევა. რას ნიშნავს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს?“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩს მიმართავს.
„ბატონო ელჩო, მსგავსი ქმედება ნამდვილად ვერ იქნება აღქმული, როგორც მეგობრული ჟესტი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, დამოკიდებულება და განწყობა ამერიკის მიმართ კიდევ უფრო ნეგატიურ ელფერს მიიღებს, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ იგებს, რატომ იღებს ზარ-ზეიმით იმ ადამიანს მეგობარ სახელმწიფოში, რომელმაც დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20%, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ელიტური კორუფცია, რომელმაც ასობით ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია და ათასობით ადამიანი ციხეებში აწამა?“ – აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
ნინო ბურჯანაძის თქმით, უცნაურიც არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს აზრადაც არ მოსვლია ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოეხატა.
„რა თქმა უნდა, ამას ვერ გაბედავენ, რადგან ისინი აშშ-ს უყურებენ არა როგორც თანასწორ პარტნიორს, არამედ პატრონს, რომელსაც ყურმოჭრილად უნდა ემსახურო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები