დავით საგანელიძე პრეზიდენტთან უმრავლესობის შეხვედრის ჩაშლის მიზეზს განმარტავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პრეზიდენტთან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემაზე შეხვედრა დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული, თუმცა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამო გადაიდო.
„აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემაზე, პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების თავმჯდომარეების შეხვედრა იყო დაგეგმილი. ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული. სამწუხაროდ, დღეს, ძირითადი პრიორიტეტები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მაინც ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება. ამ ფონზე, აფხაზეთს და სამაჩაბლოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვამ დროებით გადაიწია. ჩვენ პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს თემა ცოტა ხნით გადაგვედო“,- განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს 12 საათზე დაინიშნა, სადაც განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებია.