დავით საგანელიძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, იგი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება. დეპუტატს მიაჩნია, რომ სხდომა მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლადაა ჩანიშნული. დავით საგანელიძის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ხუთშაბათს გაიმართება, რადგან პარასკევს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომის პარალელურად, საკომიტეტო მოსმენის გამართვა იურიდიულად მართებული არ იქნებოდა.
„ხუთშაბათს საკომიტეტო მოსმენას ვგეგმავთ, თუმცა გაცხადებული იყო, რომ ეს მოსმენა პარასკევს უნდა გამართულიყო. იმის გამო, რომ პარასკევს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა, იურიდიულადაც და რეგლამენტითაც არ იქნება მართებული და გამართლებული, რომ პარალელურად თბილისში საკომიტეტო მოსმენა დაინიშნოს. მე პირადად რიგგარეშე სხდომაზე არ ჩავალ. მიმაჩნია, რომ სხდომა მხოლოდ სალაპარაკოდ და გარკვეული ამბიციების დასაკმაყოფილებლადაა მოწვეული“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
რიგგარეშე სხდომის ჩატარების წინააღმდეგი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც არიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მიმდინარე კვირის ბოლოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფორმატში მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები