ზურაბ აბაშიძემ ეუთოს გენერალურ მდივანს კარასინთან ორმხრივი დიალოგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ზურაბ აბაშიძე ლამბერტო ზანიერის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის შეხვედრის ძირითადი თემები საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი და ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა იყო. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეუთოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუს კოლეგასთან, გრიგორი კარასინთან ორმხრივი დიალოგის შესახებ, რომელიც უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს ეხება.
საუბარი შეეხო აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრას, რომელიც პრაღაში 26 თებერვალს გაიმართა და რომელზეც განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება. ზურაბ აბაშიძემ შეხვედრისას ასევე ყურადღება გაამახვილა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რთული საკითხების გადასაწყვეტად უმთავრესი ფორმატია.