თეა წულუკიანი ირანის ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა და აბას ტალებიფარმა 2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ირანის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე, სამუშაო და სასწავლო ვიზებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბრის ძირითადი თემა საელჩოს გუშინდელი განცხადება არ ყოფილა.
„დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი. ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ირანის საელჩოს გუშინდელი განცხადება; ამაზე, ალბათ, თავად საელჩო ისაუბრებს. შეხვედრაზე აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში განცხადება განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ქართულად. ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი დღეს იყო ის ორასამდე შრომითი ბინადრობა, რომლებიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე 1-ლი სექტემბრიდან, 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1-ლი სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა ყველაფერზე მაღლა დგას “, – განაცხადა წულუკიანმა.