ზურაბ აბაშიძე: „თავისუფალი დემოკრატებისა“ და პრეზიდენტის პოზიციები ერთმანეთთან თანხმობაშია
„თავისუფალი დემოკრატები“ ვეთანხმებით პრეზიდენტის პოზიციას, რომ სხდომას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა დაესწროს – პრეზიდენტის მიერ პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრება აუცილებელია, რადგან მათთან ერთად უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის შესახებ მსჯელობა და არსებული ხედვების გაცნობა.
„საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციას, რომ აუცილებელია რიგგარეშე სხდომის ჩატარება. ამავდრულად, არის თანხმობა პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ამ სხდომას აუცილებლად უნდა დაესწროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც გაიმართება მსჯელობა იმ გზებსა და იმ ხედვაზე, თუკი ასეთი გააჩნია ამ მთავრობას, თუ როგორ დავძლიოთ ეკონომიკური კრიზისი“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.