პრეზიდენტი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ფრაქციის წევრები ქვეყნის პირველი პირის პოზიციით დაინტერესდებიან, თუ რას ფიქრობს ის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევაზე.
ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, “თავისუფალი დემოკრატები” პირველები იყვნენ, რომლებმაც გააჟღერეს საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პოზიცია.
“ დღეს მოვედით პრეზიდენტთან, რომ გავმართოთ კონსულტაციები, რას ფიქრობს ის ამასთან დაკავშირებით – ხედავს თუ არა ამ სხდომის მოწვევის აუცილებლობას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ვგულისხმობ ეკონომიკურ და სავალუტო კრიზისს. წინა შეხვედრაზე პრეზიდენტმა გვითხრა, რომ შეხვდებოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს, მოისმენდა მათ პოზიციას, დაელოდებოდა სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის დასრულებას საქართველოში და შემდეგ მთავრობასთან ერთად შეაჯამებდა პოზიციას. მაგრამ დავინახეთ, რომ მთავრობა არ არის მზად, რათა პასუხი გასცეს არსებულ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ორივე მხრიდან ჩაითვალა საჭიროდ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაგვევლო ეს თემა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს პრეზიდენტი, ასევე, თუ როგორ დაიგეგმება ეს სხდომა, თუ ის იქნება ქვეყნის პირველი პირის მხრიდან მოწვეული”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრას, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატებიდან”, ზურაბ აბაშიძის გარდა, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებიან.