ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან შეხვედრა გამართა. ლამბერტო ზანიერი საქართველოს 2015 წლის 8-10 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საგარეო უწყების ცნობით, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ეუთო-ს, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ დესტრუქციულ ქმედებებს და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე.
როგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთის ეს ქმედება რეგიონში დამატებითი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს ყველაფერი, გამოვხატავთ შეშფოთებას ამ თემასთან დაკავშირებით და მუდმივად ვიყენებთ იმ მექანიზმს რაც გაგვაჩნია, პირადად ჩართული ვარ რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში და მუდმივად ვსაუბრობ მათთან აღნიშნულ თემაზე. ჩვენ სრულად ვიყენებთ საერთაშორის ფორმატს იმისთვის რომ ეს საკითხები გავაჟღეროთ“-განაცხადა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ლამბერტო ზანიერიმ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობას. ეუთო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და თავად შეძლებს ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას. აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ეუთო-ს, როგორც თანა-თავმჯდომარის მონაწილეობის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობას. „კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით რუსეთის მხრიდან ქართული მხარის საპასუხოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო და პროვოკაციული პოლიტიკის გათვალისწინებით.“ -განაცხადა მინისტრმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეხო ეუთო-ს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.