ზურაბ აბაშიძე: რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულება არალეგალურია
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არალეგალურს უწოდებს და აცხადებს, რომ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
განცხადება ჟურნალისტებთან აბაშიძემ დღეს გააკეთა.
„ამას არ აღიარებს არავინ, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა. ასე რომ, ხელშეკრულებას, რომელიც თითქოსდა, დღეს შევიდა ძალაში, სამართლებრივად არავითარი ლეგალურობა არ აქვს“, – განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთმა აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ღონისძიება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა. აღნიშნული დოკუმენტი რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის ურთიერთობების გაღრმავებას, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნას გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, აფხაზეთში არსებული სოციალური ვითარება გააუმჯობესოს.