„ნაციონალების“ მიერ დაბლოკილი ბიზნესმენები – საიდუმლო დოკუმენტი
გაზეთი „პრაიმტაიმი“ საჯარო რეესტრის შიდა ქსელის ე.წ. შავი ბაზის საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს. როგორც გაზეთი წერს, 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ საჯარო რეესტრის ნაციონალური „ვერხუშკა“ დოკუმენტის განადგურებას მოითხოვდა. გამოცემა რეესტრის დოკუმენტს პირობითად გასაკოტრებელი კომპანიების შავ სიას უწოდებს, რადგან თუ განმცხადებელი მასში აღნიშნულ კომპანიებზე რაიმე ოპერაციის განხორციელებას მოითხოვდა და რეესტრის თანამშრომელი აღმოაჩენდა, რომ ის დაბლოკილი, ანუ გაწითლებული იყო, განცხადებას მიიღებდა, მაგრამ ის ბლოკის მოხსნამდე არც ერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდებოდა.
სკანდალური დოკუმენტი ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიების ჩამონათვალით იწყება. პატარკაციშვილის დაფუძნებულ კომპანიაზე ერთ-ერთი მინაწერი არის ასეთი: „ისევ დაიბლოკა კოტე იოსელიანის მოთხოვნით. sms სოფო ჭავჭავაძესთან (მითითებით პატარკაციშვილი) სოფოსგან sms ეკა ხომერიკთან. განიბლოკა. 27.02.2011 – კოტე იოსელიანი“. კოტე იოსელიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, ხოლო სოფო ჭავჭანიძე და ეკა ხერხეულიძე, სავარაუდოდ, დღესაც მუშაობენ.
დაბლოკილი კომპანიებისა და ბიზნესმენების სია საკმაოდ ვრცელია, თუმცა მათ შორის აღსანიშნავია „ქართუ ჯგუფი“. საჯარო რეესტრის დოკუმენტში განსაკუთრებული მითითებები „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილ და მასთან ასოცირებულ კომპანიებზე კონტროლის გამკაცრება ამ კომპანიის პოლიტიკაში ფიგურირების პერიოდს ემთხვევა.
გარდა ამისა, ხელისუფლების მიერ დაბლიკილთა სიაში აღმოჩნდა ჯოზეფ ქეის სახელთან დაკავშირებული კომპანიები: „ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპი“ და „ტექნო მედია“, რომლებზეც მითითებულია, რომ სოსო წიქარიშვილის თანხმობის გარეშე არაფერი არ უნდა გაკეთდეს.
ბიზნესმენების დაბლოკვის შეთქმულებაში პროკურორები და მათი თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. პროკურატურის თანამშრომლი დავით ლეპარტი, რომელიც როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, პროკურატურაში უგულავას პროტექციით მოხვდა. ლეპარის მოთხოვნით, იბლოკება შპს „რეალითი ჯორჯია“, შპს „ტექნო ბუმი“ და შპს „რუგე კაპიტალი“.
„პროკურატურიდან რეესტრის ამ „შავ“ საქმიანობაში ერევა კიდევ სხვა პროკურორიც, მარშავა, რომელიც 2011 წელს აბლოკინებს შპს „მენეჯმენტ“ კონსალტინგს. მარშავა ფიგურირებს ნიკა გვარამიას საქმეშიც. განსაკუთრებით მსხვილი კომპანიები ჰქონდა აყვანილი კონტროლზე კიდევ ერთ „ბობოლა“ პროკურორს დავით გაგნიძეს, რომელსაც პროკურატირაში ადეიშვილის ფავორიტად ცნობდნენ“, – წერს გაზეთი.