ლეონიდ თიბილოვი: ჟენევის დისკუსიის ფორმატს ჩვენი მოქალაქეების ქართული ციხიდან გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქართული ციხეებიდან საკუთარი მოქალაქეების გასათავისუფლებლად – ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ოსინფორმი” იუწყება.
“სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ყველა საშუალებას გამოიყენებს, მათ შორის, პირველ რიგში, ჟენევის დისკუსიის ფორმატსაც იმისთვის, რომ ქართულ ციხეებში მყოფი ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეები გაათავისუფლოს”, – განაცხადა თიბილოვმა.
ამავე ინფორმაციით, თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის საკითხზეც ისაუბრა. როგორც თიბილოვმა აღნიშნა, ავად მყოფ ადამიანებს უმეტესად არ გააჩნიათ აუცილებლობა, სამკურნალოდ საქართველოში წავიდნენ, რადგან მათთვის შესაძლებელია სამედიცინო დახმარების ცხინვალში აღმოჩენა.
“ჩვენ უკვე აქტიურად ვართ დაკავებული საკუთარი მედიცინის განვითარებით, სამედიცინო ცენტრების მშენებლობითა და სპეციალისტების მოზიდვით”, – აღნიშნა თიბილოვმა.