11 წლის გოგონა გაუპატიურებაში ბრალდებულს, ბათუმის სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გასულ კვირას ბათუმის სასამართლომ 24 წლის მამაკაცი უმძიმესი ბრალდებით გაასამართლა. მას 11 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 16 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. შემზარავი ფაქტი 2014 წლის 16 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
,,24 წლის მამაკაცმა მეზობლის 11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირი დაამყარა. გოგონა გონებაჩამორჩენილია, აქვს ეპილეფსია და ფსიქიკური პრობლემები. ბავშვმა მშობლებს ყველაფერი უამბო და გამოძიება მეორე დღესვე დაიწყო. დამნაშავეს 16 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“,- წერს გაზეთი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქედაში მომხდარი ფაქტი არ არის ერთადერთი შემთხვევა.
,,მსგავსი დანაშაული მოხდა გასულ კვირას გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში. 12 წლის გოგონა 18 წლის თანასოფლელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა. როგორც სოფელში ამბობენ, მას გოგონა სკოლიდან გაკვეთილების დროსაც გაჰყავდა. გოგონას დედასთან ინტერვიუს ჩაწერა შეძლო გურჯაანის ტელევიზიამ. დედის თქმით, მან შვილი ზაფხულში გაათხოვა: ,,ეს ახალგაზრდების სურვილი იყო. მერე ფეხმძიმე გოგო გამოაგდო, უთხრა, მომწყინდი, მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობოდიო”.
როგორც ირკვევა, 18 წლის ბიჭი ოფიციალურად სხვაზე იყო დაქორწინებული. ის გოგონაც 13 წლის ყოფილა, როცა ცოლად შეირთო. მალე დაშორდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ პირველ ცოლს ისევ შეურიგდა“, – წერს გაზეთი.