„ყვირილით შემოვარდა გოგა ონიანი – ციხეში ჩაგალპობო“
ადვოკატ გოგა ონიანს კიდევ ერთი პირი ამხელს. ყოფილი პროკურორის ძმა თემურ ტოლიაშვილი ძმის დაკავების ფაქტს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ იხსენებს. მისი თქმით, მამუკა ტოლიაშვილს 2007 წელს შელაპარაკება გოგა ონიანის მეგობართან გიორგი დონაძესთან მოუვიდა, რის გამოც ონიანი მას ციხეში ჩალპობით დაემუქრა. მამუკა ტოლიაშვილი პროკურატურაში 1995 წლიდან მუშაობდა, 2006 წელს კი, როგორც თემურ ტოლიაშვილი ამბობს, “ნაცმოძრაობის” “ორგულობის” გამო დაითხოვეს. “ონიანის გამო წლებია, ჩემი ძმა ციხეშია გამოკეტილი. 2007 წლის 3 ივლისს ჩემს ძმას შელაპარაკები მოუხდა ონიანის უახლოეს მეგობართან – გიორგი დონაძესთან, რომელიც ვაკე-საბურთალოს მეხუთე ქვეგანყოფილების თანამშრომელი იყო. ჩემი ძმა პოლიციაში დაიბარეს. მეც მივედი… ოთახში დონაძესთან ერთად ყვირილით შემოვარდა გოგა ონიანი – მაშინ ვაკე – საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო – გიორგის ხელი როგორ დაარტყიო. არ იცი, რომ ჩვენია ეს ქვეყანა და ჩაგალპობ ციხეშიო. არც მამუკამ დაიხია უკან და გაშველებამდე მივიდა საქმე. მერე პროკურატურამ მოიკვლია მასალები და საქმეზე აღძვრის დადგენილება გამოიტანა… ამ ფაქტიდან თვე- ნახევარში ჩემს ძმას შელაპარაკება მოუხდა ვინმე ალექსანდრე ხერგიანთან. ის ძებნილი იყო და ბიძაშვილის – პაატა ხერგიანის სახლს აფარებდა თავს. ჩემი ძმა კორპუსის ამხანაგობის უფროსი იყო. ხერგიანს უთქვამს, აქ თურმე “პალაჟენიას” შენ ამყარებ, ნაძაღლარი კაციოო. ხერგიანი ხანჯლით გამოედევნა და ცოლ- შვილი შეაგინა. ვეღარ მოითმინა მამუკამ და მეგობარს დაურეკა, რომელმაც ორლულიანი თოფი მოიტანა, ხერგიანები ეზოში ისხდნენ და სვამდნენ. ჩემმა ძმამ ალექსანდრე ხერგიანს იარაღის კონდახი ჩაარტყა სახეში. ამ დროს უკნიდან მისმა ბიძაშვილმა პაატამ შებოჭა. მამუკა ტკივილისგან ისე გამწარდა, რომ მას ყური მოაჭამა. რაკი ალექსანდრე ხერგიანმა ჩემს ძმას ფეხში ესროლა, მერე მოატრიალა თოფი და კონდახი თავში ურტყა. დარტყმის დროს იარაღი გავარდა და ტყვია მის ბიძაშვილს მოხვდა. ის ბიჭი დაიჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს და ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს. მამუკა გადარჩა, მეორე კი გარდაიცვალა. საქმე ორი ადამიანის – მამუკა ტოლიაშვილისა და პაატა ხერგიანის განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. საქმე გადაეცა ქალაქის სამმართველოს მკვლელობების განყოფილებას. იმ პერიოდში იქ უფროსი იყო გოგა ონიანი, რომელმაც შეთხზა საქმე, თითქოს მამუკა ტოლიაშვილმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. ამასაც არ დასჯერდა ონიანი, დონაძის ფაქტზე შეწყვეტილი საქმე ისევ აღძრა და ბრალი წაუყენა. იმ საქმისთვის მამუკას 11 წელი დაემატა, დააბრალეს მკვლელობაც და საბოლოოდ 35 წელი მიუსაჯეს. ამ დროს საბადრაგოს უფროსი იყო გიორგი დონაძე და 3 წელი და 8 თვე ორთაჭალის “კრიტში” ამყოფეს, სადაც დაავადმყოფდა და ხუთი ოპერაცია დასჭირდა…“ – აცხადებს თემურ ტოლიაშვილი.