„მაკვირვებს ის მლიქვნელობა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ნემცოვის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა“
აკადემიკოსი სანდრო თვალჭრელიძე საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ნემცოვის გარდაცვალებას მან შემზარავი უწოდა და ფაქტი თანამედროვე რუსული პოლიტიკის აგონიად შეაფასა.
„მოსკოვში რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი სასტიკად მოკლეს. ყველაზე უფრო მაკვირვებს ის მლიქვნელობა, რომლითაც ვლადიმერ პუტინმა ამ მკვლელობას შეკვეთილი დაარქვა და პირად კონტროლზე აიყვანა. ხვალ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტისამთავრობო გამოსვლა უნდა შემდგარიყო. ეს მრავალ ასეულ ათასიანი მიტინგი ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო გადაიდო. ბორის ნემცოვი პუტინისთვის ალბათ ყველაზე მძლავრი, ჭკვიანი და სახიფათო ოპოზიციონერი ლიდერი იყო. ვთვლი, რომ ეს ფაქტობრივად რუსული თანამედროვე პოლიტიკის აგონიაა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელმოცარულია“,- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი გუშინ ღამით ქუჩაში მოკლეს. რუსული პოლიტელიტა და საზოგადოება ეჭვობს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.