კოტე კუბლაშვილს მოსამართლეები დაემშვიდობნენ
მიუხედავად ძალიან ბევრი წარმატებისა, ამ სისტემის სრული დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების გამოწვევაა – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს საზეიმო საღამოზე განუცხადა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა.
საზეიმო საღამო კოტე კუბლაშვილის აღნიშნულ პოსტზე ბოლო სამუშაო კვირის დასრულებას მიეძღვნა, მას მოსამართლეები დაემშვიდობნენ.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ის იმედს იტოვებს, რომ სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და დარჩენილი მცირე ხარვეზების აღმოფხვრა ახლო მომავალში მიიღწევა.
„საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის ეს იყო ძალიან რთული წლები. მიუხედავად ძალიან ბევრი წარმატებისა, ამ სისტემის სრული დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების გამოწვევაა. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, ყველაფერი რაც მიღწეულია, შენარჩუნებული იქნება და დარჩენილი მცირე ხარვეზები აღმოიფხვრება“, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
კუბლაშვილს თავმჯდომარეობის ვადა ოფიციალურად 23 თებერვალს ეწურება. ვიდრე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდოამრეს დაამტკიცებს, მის მოვალეობას ზაზა მეიშვილი შეასრულებს.