გიორგი მარგველაშვილი: კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით
კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულით უკრაინას მხარში დგომა უნდა დავუდასტუროთ.
ამასთან პრეზიდენტის განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნით უხერხულობები შეიქმნა, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.
“არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ და დაანგრიონ ერთა შორის მეგობრობა. ჩემს, სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს ზემოთ არის ჩვენი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები შეიქმნება, თუმცა ამ უხერხულობებს, როდესაც განსაკუთრებით უკრაინა არის დაძაბულ ვითარებაში, უნდა მოვემსახუროთ ისე, რომ არ იყოს მძაფრი. უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა, ვინც ასე ვთქვათ, თვითმფრინავში ჩავეტევით, რათა უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდში ვდგავართ. დღეს უკრაინას უჭირს და ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით და მხარს უჭერს თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფალი არჩევანის დაცვაში”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, “ღირსების მარშში” 22 თებერვალს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტიც იღებს.