კვიციანი გუდაუთის ბაზაზე საუბრობს – რატომ აიძულა სააკაშვილმა ზურაბიშვილი გუნდს გამიჯვნოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის და პარტია “საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაცემა “პროვოკატორის” ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ 2005 წელს ხელმოწერილი ტექსტიდან გუდაუთის საკითხი ამოღებული იყო, “კვირასთან“ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი აფასებს.
კვიციანი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის დიდ დამსახურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე“ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლა არ სიამოვნებდა. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეტანა საქართველოსთვის.
ემზარ კვიციანის თქმით, თუ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მონიტორინგს განახორციელებდნენ, შესაძლოა, ამას ვითარება არსებითად არ შეეცვალა. თუმცა, როგორ კვიციანი აცხადებს, ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ იმ ფონზე, როცა სააკაშვილის ხელისუფლება გუდაუთის ბაზაზე მონიტორინგის შესვლას მოითხოვდა, რატომ არ აისახა ეს სურვილი 2005 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
“სააკაშვილი ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდა და მესამეს ფიქრობდა. რუსეთი გუდაუთის ბაზას რომ არ დათმობდა, ეს ფაქტია. მათ იქ არც მონიტორინგის მისიის შესვლა გაუხარდებოდათ.
ძნელი სათქმელია, მოიტანდა თუ არა რაიმე დადებით შედეგს გუდაუთის ბაზაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შესვლა, თუმცა სააკაშვილი, ბოკერია და სხვები რომ ანტისახელწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ, ეს ახალი არაა. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, ის სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდშიც რეალურად და ღირსეულად იბრძოდა საქართველოს საკეთილდღეოდ.
იმავეს თქმა შემიძლია გოგა ხაინდრავაზე. პირადად ქალბატონი სალომეს დიდი დამსახურებაა რუსული ბაზების გაყვანა ჩვენი ქვეყნიდან. გამოდიან და “ნაციონალები“ იბრალებენ“ დღეს ამ ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძოდა და, როგორც ჩანს, ეს არ მოსწონდა სააკაშვილს, ამიტომ იძულებული გახადეს, რომ მათ გუნდს გამიჯვნოდა“, – განუცხადა “კვირას“ ემზარ კვიციანმა.
რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ 2005 წელს ხელმოწერილი ტექსტიდან ამოღებული იყო გუდაუთის საკითხი – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბაზების გაყვანის შეთანხმების ტექსტში ცალკე აბზაცი ეთმობოდა გუდაუთის საკითხს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მონიტორინგს განახორციელებდნენ“.
ტექსტი, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ, რომელიც 2005 წელს შედგენილი და ჩემ მიერ ხელმოწერილი იყო, საქართველოში არსებულ ყველა რუსულ ბაზას ეხებოდა, გუდაუთის ჩათვლით. აღნიშნულ ტექსტში გუდაუთის შესახებ ცალკე აბზაცი იყო ჩასმული, სადათ აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში გააგრძელებდა გუდაუთის შესახებ მოლაპარაკებებს და აღნიშნული იყო, რომ შესაძლოა, მომავალში ეუთოს თუ გერმანიის, თუ სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მონიტორინგი განეხორციელებინათ. ამის შემდეგ ხელი მოეწერა კიდევ ერთ, ტექნიკური შინაარსის ტექსტს. აღნიშნულს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ მოაწერა. ამ დროს ორივე ტექსტი, თითქოს, უცვლელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტექსტში, რომელსაც ოფიციალურად მოეწერა ხელი ორივე პოლიტიკური მხარის მიერ, გუდაუთას საკითხი აღარ იყო. ეს კი ნიშნავდა ორ რამეს: პირველი – რუსეთი არ ცნობს გუდაუთას, როგორც საქართველოს ტერიტორიას; მეორე – რუსეთი გასულია გუდაუთიდან. ამის შესახებ არავითარი ცალკე დამატებითი დოკუმენტი არ არსებობდა. არც მაშინ და არც მას მერე, ამ კითხვაზე პასუხი არავისგან მსმენია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები