ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ამით აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
“მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატოსთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. ბრიუსელში, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში რუსეთი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა ნატოსთან. ამასთან, ზურაბ აბაშიძე, რომელიც თვის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება, აცხადებს, რომ ლავროვის განცხადება ამ დიალოგის თემა არ იქნება, ვინაიდან მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხები ამ ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. რუსეთი აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს.