„ბანკომატების“ საქმეში ბრალდებულის მეუღლის სამკერვალო წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა
მთაწმინდის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის მეუღლეს ნატალია ტლაშაძეს 2013 წლის 29 ივნისს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისება-გაფლანგვის გამო წაუყენეს. ახლა ნატალია ტლაშაძე აცხადებს, რომ მისი შპს „უნისტილის“ შემოწმება ფინანსურმა სამსახურმა კონკრეტული მიზნით დაიწყო. მიზანი კი მისი მეუღლისგან გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიღებაა.
„რეალურად კი… ნატალია ტლაშაძეს ალბათ, არ ახსოვს, რომ მისი სამკერვალო წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამთავრობო უწყებებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, უამრავი საეჭვო ტენდერი და უამრავი თანხა აქვს გადარიცხული. კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება: შპს „უნისტილი“ აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში: ქ.თბილისის მერიასთან; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან; სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან“; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; საქართველოს შსს აკადემიასთან; შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“; საქართველოს ეროვნულ ბანკთან – ჯამში შპს „უნისტილი“ გამარჯვებულად გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ 13 ელექტრონულ ტენდერში, საერთო თანხით 487 780 ლარი. შპს „უნისტილმა“ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს მიაწოდა 497 400 ლარის ღირებულების სარეკლამო ბანერი, კეპები და მაისურები. შესწავლილი მონაცემების მიხედვით, პროდუქცია იმავე პერიოდში მიწოდებულია ნახევარ ფასად სხვა კონტრაგენტებთან შედარებით“, – წერს „ახალი თაობა“.
რაც შეეხება ნატალია ტლაშაძის მეუღლეს – იგი ბრალდებულია ე.წ. „ბანკომატების“ საქმეში, როცა მერიის მაღალჩინოსნებმა მილიონობით ლარი გაიტანეს ბანკომატებიდან. მაშინ აღნიშნულ პიროვნებას საპატიმრო გირაო შეეფარდა, რაც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, პროკურატურა გირაოს არ დათანხმდებოდა და ზეწოლას პირადად მასზე განახორციელებდა.