სოსო ცისკარიშვილი: სააკაშვილი უკრაინაში პუტინის განწყობის დათესვას ცდილობს

მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, კიევიდან საქართველოს არსებული ხელისუფლების გაკრიტიკებით უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევა, – ასე აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ გადაცემა “არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებული ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის საეთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობისადმი მისი კრიტიკული განცხადებები “ვიღაცამ“ შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების პოზიციად აღიქვას.
თუმცა, სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს და უკრაინის მთავრობას ჩვენი ხელისუფლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს. “სააკაშვილის დიდი სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი მისი შეხედულებები უკრაინის პირველმა პირმა და სხვა მაღალჩინოსნებმა გაიზიარონ, საბედნიეროდ, მხოლოდ მისი ოცნებაა. პოროშენკოს გაცილებით მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვს. ეს ფაქტორიც რომ არ იყოს, უკრაინის პრეზიდენტისთვის კარგად არის ცნობილი სააკაშვილის ხასიათი. უკრაინაში ანტიქართული განწყობების დამკვიდრება, პირველ რიგში, აწყობს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რატომღაც სააკაშვილი სწორედ ამ განწყობის დათესვას ცდილობს. მინდა გითხრათ, რომ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება, თუ ჩვენი საგარეო უწყება, მთავრობა პროფესიონალურად იმოქმედებს. ვფიქრობ, უკრაინასთან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს და აქამდეც უნდა გაეაქტიურებინა ურთიერთობები, ვიდრე სააკაშვილი არ დაიწყებდა სიცრუის ტირაჟირებას“, – განუცხადა “კვირას“ სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაიწერა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს არსებული ხელისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები