„ვიბრძოლებ, რომ მოსამართლეებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამოსატანად კომფორტული გარემო ჰქონდეთ“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მართლმსაჯულების სფეროს პრობლემებზე ისაუბრა.
გვენეტაძის განცხადებით, იმისათვის, რომ მოსამართლეებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად სრული კომფორტი შეუქმნათ, ის ყველაფერს გააკეთებს.
„აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტროსთან და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, 2012 წლიდანვე აქტიურ სასამართლო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. განხორციელდა რამდენიმე ეტაპი. მე არ რეფორმაში ვმონაწილეობ იმ კუთხით, რომ იუსტიციის სამინისტროში რეფორმის უწყებათშორისი კომისიის წევრი ვარ. მე ამ რეფორმების ფერხულში უფრო აქტიურად ვიქნები წარმოდგენილი და მთავარი ხაზი, რასაც მე გავატარებ, ეს რეფორმის დროს სასამართლო ინტერესების დაცვა, მათი ხედვების სწორად მიტანა იქნება. ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილების გზა მაძლევს იმ ეთიკურ სტანდარტს და მაღალი კომუნიკაციის უნარს, რითაც მე შევძლებ ჩემი კოლეგების სათქმელი რეფორმის ავტორებამდე მივიტანო და მათი უფლებებისთვის ვიბრძოლო. ვიბრძოლებ, რომ მოსამართლეებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამოსატანად, რომელიც კანონის უზენაესობაზე იქნება დამყარებული, რაც შეიძლება კომფორტული გარემო ჰქონდეთ“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
რაც შეეხება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, ნინო გვენეტაძის თქმით, ამის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი ჯერ კიდევ 2012 წლამდე გაკეთდა. მისი შეფასებით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მოსამართლეთათვის საფრთხის შემცველი არ იქნება, თუ მოსამართლეები ერთ გუნდად გაერთიანდებიან და მათ აღმოაჩნდებათ უნარი, მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები მიიღონ.
“მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა 3-წლიანი, გამოსაცდელი ვადით დანიშვნა რაიმე საფრთხის შემცველია. თუ მოსამართლეები ერთ გუნდად იქნებიან გაერთიანებულნი და თუ მათ აღმოაჩნდებათ უნარი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოსაცდელი ვადა ვერ შექმნის რაიმე საფრთხეს, მაგრამ თუკი ამ კუთხით პრობლემა მაინც გამოიკვეთება, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ კი არ იბრძოლოს და სასამართლო კორპუსმა ზურგი აქციოს, არამედ პირიქით – მთელი კორპუსი დაირაზმოს მოსამართლის უფლებების დასაცავად, სანიმუშო უნარები და მაღალი პროფესიული დონე გამოამჟღავნოს, რომ ის არ დათმობს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები