ირაკლი ალასანია ვიქტორია ნულანდს შეხვდა
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა, ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი და დავით ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.
ამავე შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები განიხილეს. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან დეტალურად ისაუბრეს, საქართველოს უსაფრთხოების თემებზე. ასევე შეხვედრაზე, ამერიკელ დიპლომატს, თავისუფალი დემოკრატების პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეფორმებზე, რომლებიც სახელმწიფოში აუცილებლად უნდა გატარდეს.
შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ თემად, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საკითხი განიხილეს.
„პირველ რიგში, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვისაუბრეთ თავდაცვით საკითხებზე, ვისაუბრეთ რეგიონალურ უსაფრთხოებზე და როდესაც გადავედით უკვე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც იყო განხილული, არის უკანონოდ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 თანამდებობის პირი. ეს საკითხი, როგორც აგვიხსნეს, ყველა დონეზე დგას. ისინი შეწუხებულები არიან, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და გამოთქვეს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ორმხრივი ურთიერთობა აშშ-სთან ეს არ არის არცერთი პარტიის, ან თუნდაც არცერთი ხელისუფლების მიერ შექმნილი ურთიერთობები და ეს ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მტკიცდებოდა და მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად, ორმხრივ ურთიერთობებში, სწორედ დგას საქართველოს მხარდაჭერის საკითხი, რათა ქვეყანაში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა.
საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლები შესაძლებლობა ექნება ჩვენს მოწინააღმდეგეს, რუსეთს, რომ პოლიტიკურად არეულობა შემოიტანოს და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ბიზნესის განვითარებისთვისაც და სტაბილური მომავლისთვის სწორედ შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის და არა ის მეთოდები, რასაც იყენებს დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გაგრძელება იყო საუბრის, რომელიც მე ქალბატონ ნულანდთან ვაშინგტონში მქონდა, რამდენიმე თვის წინ. ყველაფერი ზოგადად, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაც, უკავშირდება, თუ რამდენად დავანახებთ საქართველო და დაანახებს ხელისუფლება, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და დასავლეთსაც, რომ საქართველო ვითარდება დემოკრატიულად, პოლიტიკური სტაბილურობა დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ მართვაზე. ეს არის ერთერთი წინაპირობა, აქედან გამომდინარე, შეიძლება საქართველომ კიდევ უფრო გააღრმავოს სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სთან “ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.