„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გაფართოებული ფუნქციები საზოგადოებაში უკურეაქციას იწვევდა“
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სასამართლო რეფორმის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დარჩება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა პოზიცია ექნება სასამართლოს.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გაფართოებული ფუნქციები საზოგადოებაში უკურექციას იწვევდა, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მაღალი ფუნქციების მქონე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სტანდარტის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა. საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით საკანონმდებლო ცვლილების რანგში იქნა განხილული ის, რომ რიგი ადმინისტრაციული ფუნქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჩამოშორებოდა. დღეს მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია აქვს. შესაძლოა, რეფორმა გაგრძელდეს და ამ მხრივ მოხდეს ცვლილებები, მაგრამ ჯერჯერობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ჩემი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის შემთხვევაში მე მოქმედ სტანდარტებს დავემორჩილები. მნიშვნელოვანია თვითონ სასამართლოს რა პოზიცია ექნება ამ საკითხზე“,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.