ნინო გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური გავლენისგან ბოლომდე თავისუფალი იქნება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში წარსულში თავის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისაუბრა. გვენეტაძემ გამორიცხა რისკი იმისა, რომ შესაძლოა, ის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს. მისი თქმით, მან სწორედ მაშინ დატოვა „რესპუბლიკური პარტია“, როდესაც „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
როგორც მან აღნიშნა, არჩევანი მისი პროფესიული სტანდარტებისა და სამოსამართლო საქმიანობის სასარგებლოდ გააკეთა.
„როდესაც 2008 წელს არჩევნებში ხაშურის მაჟორიტარად ვმონაწილეობდი, მაშინ შემომთავაზეს „რესპუბლიკელებმა“ მათ რიგებში გაწევრიანება. არჩევნების შემდგომ სრულიად გააზრებულად გავწევრიანდი ამ პარტიაში. 2012 წლის ნოემბრამდე ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი. დიახ, მე პარტიულ საქმიანობას ვეწეოდი, მაგრამ რას ნიშნავს, მე ვერ ვიქნები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. მე მაშინ დავტოვე პარტია, როდესაც „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ყველაზე კარგი შანსი მქონდა ჩემი პოლიტიკური ხედვების რეალიზაციის განსახორციელებლად.
მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ის ხაზი, სამოსამართლო საქმიანობა, რისთვისაც მე ამდენი წელი ვიღვწოდი როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ დონეზე. გადავწყვიტე, ამ პოზიციისათვის ბრძოლის გზაზე მე პარტიული საქმიანობა აღარ შემფეროდა, ამიტომ 2012 წლის ნოემბერში მე პარტია დავტოვე“,- აღნიშნა გვენეტაძემ.