„ნაცებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საიდუმლო შეხვედრა ბათუმში
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ალასანია ღია დაპირისპირებაშია „ქართულ ოცნებასთან“ და მზადაა, აიტაცოს „ნაციონალების“ იდეები. როგორც მჟავანაძე „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბათუმში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელები ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში ბათუმში საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელები. კონკრეტულად, ამ შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალებიდან“ გივი თარგამაძე და სხვა დაბალი რანგის წარმომადგენლები. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა, ამ ორი ძალის მომავალ თანამშრომლობას ეხებოდა, კი კეკლუცობს ალასანია და ამბობს, მე „ნაციონალებთან“ დისტანცირებულად ვარო, მაგრამ თუ გახსოვთ, როგორც კი გაემიჯნა კოალიციას, პირველივე განცხადებაში თქვა, არ გამოვრიცხავ „ნაციონალებთან“ თანამშრომლობასო, მაგრამ საზოგადოებიდან ამ სიტყვებზე მკვეთრი რეაქცია რომ დაინახა, „პლასტინკა“ გადაატრიალა და „პირველი ჩვენება შეცვალა“.
რასაც ვუყურებთ, ჩამოყალიბდა ასეთი სურათი, რომ, ვინც რეალურად „ნაციონალია“, ის თურმე პროდასავლურია და, ვინც თურმე „ოცნებას“ თანაუგრძნობს და მის პოზიციას იზიარებს, ის პრორუსული და პუტინისტური ძალაა. ახლა, როცა ალასანია ღია დაპირისპირებაშია „ქართულ ოცნებასთან“, აშკარად ჩანს, რომ მზადაა, აიტაცოს „ნაციონალების“ იდეები.
ნამდვილად შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი ფანჯიკიძესა და ალასანიას, როცა აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიხმარება დააკლეს უკრაინას, რომ გარკვეულწილად პრობლემებია დიპლომატიის მხრივ და რომ ჩვენ სათანადოდ არ ვიმუშავეთ უკრაინელებთან და ამას აცხადებს ადამიანი, ამ შემთხვევაში მაია ფანჯიკიძეზე მაქვს ლაპარაკი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შვიდი თვე ბატონი ქათამაძე რომ ჰყავდა უკრაინაში ელჩად, კაცი, რომელიც, პირადად, სააკაშვილის მეგობარია, რასაც არც ერთი მალავს და არც მეორე, და ძალიანაც გამოირჩევა თავისი „ნაციონალური“ შეხედულებებით. ისიც უნდა ვქვა, რომ ამ შვიდი თვის მანძილზე თავდაუზოგავად იმუშავა ბატონმა ქათამაძემ, რომ უკრაინაში საკმაოდ განმტკიცებულიყო „ნაციონალების“ პოზიციები და ამის შემდეგ გამოდის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმაზე საუბრობს, რომ ჩვენ თურმე უკრაინას რაღაც დავაკელით?
ფანჯიკიძის გუნდმა ვერ იმუშავა ამ მიმართულებით და როცა ის წავიდა პოსტიდან, ვნახეთ, რომ არაერთი მინისტრი ჩავიდა უკრაინაში და ყველას გვახსოვს იგივე პრემიერის განცხადება სხვადასხვა ტრიბუნიდან, რომ ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას ტერიტორიების აღსადგენად, ჯანდაცვის მხრივ დიდი დახმარება გაიგზავნა და ამას არც არავინ უარყოფს, თავად კვიტაშვილმა აღიარა, რომ ყველაზე დიდი დახმარება სწორედ საქართველოდან მივიდა და სირცხვილი არა აქვს ფანჯიკიძეს? კი, მაგრამ ეს ფანჯიკიძე არ იყო, ტუღუში რომ გაგზავნა ელჩად ევროსაბჭოში და ან სხვა ელჩებს რომ გადავხედოთ, მისაღები იყო ქვეყნისთვის?“, – განაცხადა მჟავანაძემ „ალიასთან“ საუბრისას.