საჩხერეში მომხდარ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ჭიათურიდან მომავალი “ოპელის” მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანებს – ანი და გურამ კაპანაძეებს დაეჯახა.
მძღოლს გაქცევა არ უცდია, პოლიციას იქვე ჩაბარდა. სოფელ კორბოულის რწმუნებულის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. როგორც ამბობენ, მძღოლს შვილი ჰყოლია ავად, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ექიმებს ოჯახისთვის თანხის გადახდა მოუთხოვიათ და ფული საავადმყოფოში მიჰქონდა, ამიტომ მიდიოდა ასეთი სიჩქარითო.
– ავტომანქანას ჭიათურელი მამაკაცი, გვარად ყიფშიძე მართავდა.
სოფლის გზებს ტროტუარი არა აქვს. მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოდიოდა, არადა იქ მოსახლეობა ცხოვრობს და სიჩქარე შეზღუდულია. ბავშვები თანაკლასელის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდნენ… მთელი სოფელი შეძრულია. ერთი ჩვენი თანასოფლელის, 50 წლის მამაკაცის გულმა ამას ვერ გაუძლო – სამძიმრიდან შინ მიმავალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
პანაშვიდებზე ოჯახს 25 წლის მეზობელი ეხმარებოდა. ეტყობა, ისე განიცადა ეს ტრაგედია, რომ მეორე დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. საშინელება ტრიალებს სოფელში. გამგეობა გარდაცვლილების ოჯახებს დაეხმარება. ანის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება.
გურამ კაპანაძე 17 წლის ჯერ არ არის, 9 კლასი დაამთავრა და სწავლა აღარ გაუგრძელებია. მშრომელი, ყველას გვერდში მდგომი ბიჭი იყო. მისი მოგვარე ანი კაპანაძე მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. გურამის უმცროსი ძმა ანის თანაკლასელია. გურამი თურმე გვიან მივიდა დაბადების დღეზე, რომ საღამოს ბავშვები გამოეცილებინა. ყველანი ერთად ბრუნდებოდნენ შინ.
“ანი ჩვენი სკოლის თვალი იყო. აქტიური, მოსიყვარულე, თავმდაბალი ბავშვი. კლასელებთან ერთად პროექტი გააკეთა. ბავშვების ინიციატივით სხვადასხვა საჭირო ნივთი და პროდუქტი შეგროვდა, მიკროავტობუსი დატვირთეს და თერჯოლის ბავშვთა სახლს მიუტანეს. ანი ყველას უყვარდა, ყველა გულით დასტირის. მის ოჯახს ძალიან უჭირს, სახლი დანგრევის პირასაა. გურამიც შესანიშნავი, დაუზარელი, მშრომელი ბიჭი იყო. არ
ვიცი, ამ ტკივილს პედაგოგები და ბავშვები როგორ გადავიტანთ“.- ამბობს კორბოულის სკოლის დირექტორი გელა მაჭავარიანი.
წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა“