ხარშილაძე იმ ფანჯარაში ვერ გაეტია, საიდანაც ბინაში შევედიო, ამტკიცებდა – “პროკურატურა სკანდალურ განცხადებას გააკეთებს”

მთავარი პროკურატურა ჟვანიას საქმეზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსზე კობა ხარშილაძეზეც არის საუბარი.
როგორც “კვირის ქრონიკა“ წერს, მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ კობა ხარშილაძე იმ ფანჯარაში საერთოდ ვერ გაეტია, საიდანაც ბინაში გადავძვერიო, ამტკიცებდა.
“მიხეილ ძაძამია თავის ჩვენებაში წერს, რომ კობა ხარშილაძემ შეამტვრია ერთ-ერთი ფანჯარა და იქიდან გადაძვრა ბინაში. ეს თავის ჩვენებაში დაადასტურა ხარშილაძემაც. გენერალურმა პროკურატურამ მათ ჩვენებებზე დაყრდნობით ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის შედეგად, კობა ხარშილაძე იმ ფანჯარაში საერთოდ ვერ გაეტია, საიდანაც ბინაში გადავძვერიო, ამტკიცებდა. ამის შემდეგ ხარშილაძემ გამოძიებას უთხრა, ამ ფანჯრიდან კი არა, მეორედან გადავძვერიო და გვერდით მდებარე ფანჯარაზე მიუთითა. ექსპერიმენტი აღარ გაგრძელებულა, რადგან ის მეორე ფანჯარა შიგნიდან ჩაკეტილი აღმოჩნდა და თეორიულადაც კი, ხარშილაძე ვერც იქიდან გადაძვრებოდა. გამოძიებას დღემდე პასუხი აქვს გასაცემი ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, როგორ მოხვდნენ მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე ბინაში და რატომ იტყუებიან ტყუპად თავიანთ ჩვენებებში”, – წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები