“მურმან დუმბაძე ფარულად ვარშალომიძეს შეხვდა, „ნაციონალები” აჭარაში გადატრიალებას გეგმავენ“
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე–სპიკერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ბაციკაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ტრაპიზონში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მურმან დუმბაძესთან და მედეა ვასაძესთან ერთად, აჭარაში პოლიტიკურ გადატრიალებას გეგმავს.
„ამის თქმის სფაუძველს მაძლევს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მურმან დუმბაძე 5 თებერვალს ტრაპიზონში შეხვდა ლევან ვარშალომიძეს. ბათუმში დაბრუნებული მურმან დუმბაძე აკეთებს განცხადებას, რომ იწყებს აქტიურ მოქმედებას და გეგმავს აჭარის პოლიტკური რეალობის შეცვლას. 7 თებერვალს ასევე ტრაპიზონში ვარშალომიძე იბარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და სპეციალურ თათბირზე აძლევს მითითებებს. ტრაპიზონიდან დაბრუნებული „ნაციონალები“ აკეთებენ ზუსტად იგივე განცხადებას, რასაც მურმან დუმბაძე. 9 თებერვალს კი უმაღლეს საბჭოში არეგისტრირებენ ერთ–ერთი კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხს. პარალელურად მედეა ვასაძე აქვეყნებს მურმან დუმბაძის დაწერილ ტექსტს, რომელიც სიტყვა–სიტყვით იმეორებს იმ ბრალდებებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გვიყენებენ. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ ამ ყველაფერს შორის კავშირი ვერ დაინახო“, – ამბობს დავით ბაციკაძე.