მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე დუმილს არღვევს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დუმილს არღვევს. გენერალი ლევან გვაზავა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავის დროზე ძალიან დიდი ძალაუფლება მისცეს კუდ-სა და სოდ-ს.
მისივე თქმით, ამ სამსახურებს გარკვეულწილად პოლიტიკური ნიშნით იყენებდნენ.
„მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ისეთი უწყება, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური აქტივით არ უნდა დააკომპლექტო. გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყვნენ სისტემის სათავეში „კმარას“ წარმომადგენლები. ეს თავისთავად ახდენდა უწყების პოლიტიზებას. ეს არის როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების შეცდომა. ყველამ თავი უნდა დაანებოს პოლიციას და პროფესიონალებს მისცენ მუშაობის საშუალება. შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე ძალიან დიდი ძალაუფლება მისცეს კუდ-სა და სოდ-ს. სამწუხარო რეალობაა და, ალბათ, ყველა აღიარებს, რომ გარკვეულწილად ხდებოდა ამ სამსახურების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო იმის გამოკვლევა – რამდენი პატიმარი გადმოყარეს შევარდნაძის დროს ფანჯრებიდან. გახსოვთ, ალბათ, რომ ეს თემა სულ მუსირებდა – აი, დაკავებულებს შსს-ს შენობიდან ყრიან და ა.შ. აღმოჩნდა, რომ სულ ორი შემთხვევა იყო, როდესაც მართლა გადმოვარდნას ჰქონდა ადგილი და იქ არაფერი, გარდა გაქცევის მცდელობისა, არ ყოფილა. ეს რომ ნახეს, გაჩუმდნენ და ხმა აღარავის ამოუღია.
ახლა დაახლოებით მსგავსი შინაარსის თემებით საქმეებს კერავენ და არავინ კითხულობს, რეალურად მოხდა თუ არა მსგავსი რამ. საბოლოო ჯამში, პოლიციელების ტალახში ამოსვრა სარგებელს არავის მოუტანს“, – აცხადებს გვაზავა.
მისივე თქმით, ძალოვანი უწყების პირველ პირებს შორის გავლენების განსამტკიცებლად დაპირისპირება არსებობდა. „ჩვენ, პოლიციელები, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავლენების განსამტკიცებლად დაპირისპირებებს ადგილი ჰქონდა“, – ამბობს მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები