მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – რა დეტალები იკვეთება კიწმარიშვილის საქმეში?

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია შესაძლოა, ამ კვირაში გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით წარიმართოს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, გამოძიება ამ ეტაპზე ორ მნიშვნელოვან დეტალზე მუშაობს, რომელიც საქმის გარემოებას რადიკალურად ცვლის.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდეს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის მიერ გაჟღერებულ ე.წ. ტაქსის ეპიზოდთან საერთო არა აქვს.
პროკურატურამ აღნიშნულ ეპოზოდზე ნანა კაკაბაძე ორჯერ დაკითხა. კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ ჭავჭავაძის 37 ბ-ში მომხდარ საქმეში მისი ჩვენება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, საუბარია ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ადგილზე, სადაც კონკრეტული პირები ჟურნალისტებზე და გამომძიებლებზე ადრე მივიდნენ.
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის თქმით, ჟურნალისტებისა და გამომძიებლების მისვლამდე ავტოფარეხთან ტაქსი გაჩერდა, საიდანაც გადმოსული პირი ავტოფარეხში ჩავიდა და მალევე დაბრუნდა. “გამოძიებას ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც ჩემთვის გახდა ცნობილი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მე პრესკონფერენციაზეც გავაჟღერე. იმ ადგილზე, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, პირველივე წუთებში, მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტები და გამომძიებლები მივიდოდნენ, ავტოფარეხთან გაჩერდა მანქანა, ტაქსის ტრაფარეტით, იქიდან გადმოვიდა ერთი ადამიანი და ჩავიდა დაბლა ავტოფარეხში. მისი მაქანიდან გადმოსვლისთანავე მეორე ადამიანმა მოხსნა ტაქსის ტრაფარეტი. პირი, რომელიც ავტოფარეხში შევიდა, იქიდან მალევე ამოვიდა. ერთ ადგილზე მივიდა და თქვა, თუ გაიგეთ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლაო”, – განმარტავს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები