რას ყვებოდა FBI-ის დასკვნის გაყალბებაზე ჯეფრი სილვერმანი? – ჟვანიას გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმე

2013 წლის აპრილში, გაზეთ “ყველა სიახლეში” ამერიკელი ჟურნალისტისა და პოლიტოლოგის ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელში რამდენჯერმე იყო ნახსენები ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია, ასევე მისი და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების თაობაზე მომზადებული FBI -ის დასკვნა, რომელიც მას მერე, რაც “რუსთვი-2”-მა მისი ნაწილი გამოაქვეყნა, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა.
როგორც ზემოთ ხენებული სტატიიდან ირკვევა, სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა, რის შემდეგაც ხშირად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩებოდა ხოლმე. სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო, როგორც თავად ამბობდა, მისი სტატიებით თავდაპირველად ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაინტერესდა.
“ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით კიდეც. შემდეგ კი, სააკაშვილის მრჩეველი გავხდი (იმხანად ის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გახლდათ). ჩემი დახმარებით ჩაწერა მიშამ 2001 წელს BBC-ისთან პირველი ინტერვიუ…” – ყვება ინტერვიუში სილვერმანი.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე მის განცხადებებს, ის ინტერვიუში ამბობდა:
“მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკი-ცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი.”
სილვერმანი ასევე ყვებოდა, რომ 2010 წელს სააკაშვილის მმართველობისას, ნიღბიანებმა გაიტაცეს და სასტიკად აწამეს. ასევე იხსენებდა:
“პირველად 2004 წელს გამიტაცეს იმავე კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, როდესაც ჟვანია-ონიანის დაპირისპირებას ვიკვლევდი. სხვათა შორის, ვიდრე სააკაშვილი ინტერპოლისგან ონიანის დაპატიმრებას მოითხოვდა, მანამდე კრიმინალური ავტორიტეტი პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით სარგებლობდა. ჟვანია აპროტესტებდა მათ კავშირს. ახლა ვამზადებ საჩივარს მთავარი პროკურორის სახელზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინააღმდეგ”.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში იმჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხდა, რომ ჟვანიას საქმეზე სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს დაჰკითხავდნენ, თუმცა ბატონი სილვერმანი დაჰკითხეს თუ – არა, უცნობია.
ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურებულ ჟვანიას გარდაცვალების თემას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც, რომლის განცხადებითაც, FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ამ სტრუქტურას ქართულმა მხარემ მიაწოდა.
“ჩვენი პოზიცია ნათელია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ამერიკული მხარე მზად არის, თხოვნის და სურვილის შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურის თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის თვალსაზრისით. ბატონი ჟვანიასა და მასთან ერთად ნაპოვნი ადამიანის შემთხვევაშიც ასე მოხდა ადრე და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს დახმარება გავუწიოთ სასამართლო ექსპერტიზის კუთხით”, – განაცხადა ნორლანდმა.
რიჩარდ ნორლანდის თქმით, თუ საქართველოს მთავრობას აქვს ახალი ინფორმაცია და მიაწვდის მას FBI-ს, ფედერალური ბიურო მზადაა, რომ ეს მასალაც გამოიძიოს.

წყარო “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები