„ალიბი, რომ გიორგი სოსანაშვილი აფეთქების დროს სასადილოში იჯდა, ვერ გამოდგება“
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცახდებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი სოსანაშვილის ალიბი, რომ ის აფეთქების დროს კასპის სასადილოში იმყოფებოდა, ვერ გამოდგება. ამის შესახებ შოთაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
„რაც შეეხება ალიბს, იმის მტკიცება რომ აფეთქების დროს ვინმე სასადილოში იჯდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო სადღაც. სწორედ ეს არის სპეციფიკა ამ დანაშაულის, რომ არ არის საჭირო ამფეთქებელი აფეთქების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდეს. ეს ალიბი არის თითიდან გამოწოვილი და ამაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამასთან, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, დაშაულის არაღიარება ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა.
„დანაშაულის არაღიარება და ზოგადად, დუმილის უფლების გამოყენება ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა. რა თქმა უნდა, მე ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ ბრალდებული გია სოსანაშვილი არ აღიარებს დანაშაულს. ეს მტკიცებულება, ზოგადად ბრალდებულის ჩვენება დღევანდელი გამოძიებისათვის, როდესაც სასამართლო სასამართლო სტანდარტები არის აყვანილი უმაღლეს დონეზე, არაფერს არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის სხვა ფაქტობრივი მტკიცებულებები“, – განაცხადა შოთაძემ.