ადვოკატი: გიორგი სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა

გიორგი სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა, – ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული პოლიციელის გიორგი სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სოსანაშვილს ფირცხალავასთვის ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა სურდა. ჯოგლიძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფირცხლავასთან მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდა და ისინი უბრალო ნაცნობები იყვნენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გია სოსანაშვილი ჩავიდა მისი ახლობლის დედის გასვენებაში 19 იანვარს, მას თან პატრულის ორი თანამშრომელი ახლდა. ის ორი პატრულიც დაიკითხება და დაადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა მაშინ სახლში. ეს იყო 19 იანვარი, იყო ნათლისღების დღესასწაული, სწორედ ნათლისღების მილოცვა იყო საფუძველი გამოძების დაწყებისა, როდესაც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გადაურეკა მის ნაცნობს ირაკლი ფირცხალავას.
ისინი მეგობრები არ ყოფილან, ისინი იყვნენ უბრალო ნაცნობები, რადგანაც პოლიციის სისტემაში მუშაობდნენ ორივე. რამდენიმე თანამშრომელს დაურეკეს მისალოცად, რამდენიმე თანამშრომელმა უპასუხა, მაგრამ ირაკლი ფირცხალავას არ უპასუხია. 20 იანვარს დილით, როდესაც სოსანაშვილი სახლიდან გამოდიოდა, ისევ საწოლში იყო, განხორციელდა ირაკლი ფირცხალავასგან ზარი და მოიკითხა ირაკლიმ თუ ვინ კითხულობდა მას. ეს გამოეცნაურა, უთხრა ესა და ეს პიროვნება ვარ-ო, ერთმანეთს ვიცნობთ, ორივე პოლიციელები ვართ-ო, ეს იყო და ეს. ამ შესაბამის სატელეფონო საუბრებს, რომელსაც გამოძება ამოიღებს, იქ დაადასტურებს ამ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნამდვილად მეტი საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი სოსანაშვილის ადვოკატმა.
სოსო ჯოგლიძის ინფორმაციით, გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების დროს, მეგობრებთან ერთად კასპის სასადილოში იმყოფებოდა.
„როდესაც მოხდა ეს საზარელი დანაშაული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად კასპის ერთ-ერთ სასადილოში, სადაც სატელეფონო ზარით გახდა მისთვის ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილი აუფეთქებიათ მისი შვილის საფლავზე“, – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები