ირაკლი ფირცხალავა გია სოსანაშვილს: „გილოცავ ძმობილო, კარგი კაცი ხარ!“
რა აკავშირებდათ ერთმანეთთან იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილსა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას? არის თუ არა კავშირი იური ვაზაგაშვილის აფეთქებასა და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას შორის? ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული პასუხების გაგება შეუძლებელი ხდება როგორც პროკურატურისგან, ასევე ადვოკატებისგან.
ირკვევა მხოლოდ ის, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილი 2005 წლიდან მოყოლებული კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. გამომდინარე იქედან, რომ 2006 წელს, მაშინ როცა ე. წ კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა, ირაკლი ქადაგიძეც და ირაკლი ფირცხალავაც სწორედ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ, გია სოსანაშვილს მათთან შეხების წერტილი, სავარაუდოდ, უნდა ჰქონოდა.
გია სოსანაშვილის ფეისბუქზე შემონახული პოსტების მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი ფირცხალავა მას საკმაოდ კარგად იცნობდა: 2014 წლის 10 სექტემბერს, გია სოსიაშვილს ის დაბადების დღეს ამ სიტყვებით ულოცავს: “გილოცავ ძმობილო, კარგი კაცი და პოლიციელი ხარ“.
წყარო: “აიპრესი“