შეიძლებოდა თუ არა აფეთქების შედეგად დნმ-ის კვალი გამქრალიყო – სპეციალისტის განმარტება
აფეთქების შედეგად დნმ-ის კვალის გაქრობა არის გამორიცხული, – ამის შესახებ „კვირას“თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ჯანო გაგოშიძემ განუცხადა. აღნიშნულით გაგოშიძე გამოეხმაურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოიშობილი სიმხურვალის გამო დნმ-ის ანალიზის კვალის აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა“.
გაგოშიძის თქმით, აბსურდია, რომ აფეთქების შედეგად დნმ-ის კვალი გამქრალიყო.
„დნმ-ი აიღეს აფეთქების კვალზე, რაც ექნებოდა ფრაგმენტებს, რომელიც იქ დარჩა. მას ექნებოდა ადამიანის დნმ-ის კვალი. რა უნდა შეცვლილიყო ჩემთვის გაუგებარია. აფეთქების შედეგად კვალის გაქრობა არის გამორიცხული. საუკუნეები, რომ გავიდეს და დაიფერფლოს ადმიანები, ფერფლიდან იღებენ დნმ-ის კვალს. აბსურდია, რომ დნმ-ის კვალი გამქრალიყო“, – განცხადა გაგოშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. “ფალიის სახელური”, რომელზეც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს სოსანაშვილი იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და მისი დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.