„ადამიანი კანონი თავისუფლება“ იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას ეხმაურება
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის გახსნის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მსგავსი სისასტიკის მკვლელობის საკმაოდ მოკლე ვადებში გახსნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია.
„პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი შსს-ს თანამშრომელია, რომელიც რეალურად თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს უნდა იცავდეს. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგიდან გამომდინარე უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ შსს-ში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული პირების შეკვეთებს ასრულებდნენ. ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მსგავსი ბოროტმოქმედები მანამდე გამოვლინდებიან, ვიდრე ისინი კიდევ ვინმეს სიცოცხლეს შეიწირავენ.
საქართველოს პროკურატურის წინაშე არაერთი გახმაურებული საქმის გამოძების დასრულების აუცილებლობა დგას, რომელთაც დიდი ალბათობით აგრეთვე ჰყავს როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები. შესაბამისად ხელისუფლების ვალია, რაც შეიძლება სწრაფად მისცეს პასუხისგებაში დამნაშავე პირები, რათა წერტილი დაესვას სხვა საქმის გამოძიების დასრულებამდე უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვას. ორგანიზაცია მიესალმება ზემოაღნიშნული საქმის გახსნას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მთავარია გამოძიებამ დაადგინოს მკვლელობის უშუალო შემკვეთი, რაც სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს სხვა უამრავ გახმაურებულ საქმეს. მივმართავთ პროკურატურას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთების ვინაობის დასადგენად“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.