“ნაციონალური მოძრაობა” “ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას” აქვეყნებს
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური გეგმა – “36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის” შეიმუშავა. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამია, “ქართული ოცნების” მთავრობას არ აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. “კვირა” “ნაციონალური მოძრაობის” გეგმას უცვლელად გთავაზობთ:
“გეგმა დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ დადებით შედეგებს, დაშვებული შეცდომებისა და დღევანდელი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს: ეკონომიკას, ბიზნესის გარემოს, სამუშაო გარემოს:
1. მოხდეს იმ გადასახადების შემცირება, რომლებიც გათვალისწინებული იყო საგადასახადო კოდექსით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე: საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 15%-მდე; გაუქმდეს დივიდენდზე გადასახადი; გაუქმდეს როიალთიზე გადასახადი.
2. შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი 16%-მდე;
3. გაუქმდეს ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი;
4. შემცირდეს სააქციზო გადასახადები თამბაქოსა და ალკოჰოლზე;
5. გადასახადების შემცირებასთან ერთად ამუშავდეს შემდეგი პროექტები: დასრულდეს თბილისის რკინიგზის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ქალაქს და დაასაქმებს 6 000-ზე მეტ ადამიანს! განახლდეს ანაკლია-ლაზიკის პორტის პროექტი, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შესძენს ქვეყანას და დაასაქმებს 7 000-ზე მეტ ადამიანს! აშენდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრები ახალციხეში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში, რომელიც დაასაქმებს 10 000-ზე მეტ ადამიანს!
6. გამოცხადდეს საგადასახადო ამნისტია 2015 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულზე; 7. მოხდეს ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილის დეკრიმინალიზაცია, მათ შორის ასეთი ტიპის დანაშაულზე გამოირიცხოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით;
8. აიკრძალოს საწარმოს არაგეგმიური შემოწმება სასამართლოს ნებართვის გარეშე;
9. გადახდილ გადასახადზე 10%-ზე ნაკლები ცდომილების შემთხვევაში, ცდომილების გასწორება დაიშვას დასჯის და ადმინისტრაციული იძულების მექანიზმების გარეშე;
10. შეწყდეს ბიუჯეტის დაფინანსების მიზნით ფართომასშტაბიანი შიდა ვალების აღების პრაქტიკა; შევიდეს ცვლილება ეკონომიკური თავისუფლების აქტში, რომლითაც დაწესდება ზედა ზღვარი შიდა ვალზე;
11. მთავრობის მხრიდან ახალი (გარდა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი) რეგულაციების შემოღებაზე დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური ფილტრი. კერძოდ, შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, არასამთავრობოების მონაწილეობით, რომელიც ყველა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით;
12. მოხდეს 2012 წლის შემდეგ შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმება;
13. საქართველოს ეკონომიკაში, და კერძოდ სოფლის მეურნეობის სექტორში, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გაუქმდეს 2014 წლის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის მიწის კერძო საკუთრებაზე;
14. საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განახლდეს პრივატიზაციის პროცესი;
15. საქართველოს მთავრობამ ექსპორტის (მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის) გაზრდის, მიზნით გამოიყენოს ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმი და ხელი შეუწყოს საქართველოს პროდუქტების გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას;
16. განახლდეს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა უმოკლეს ვადაში გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება;
17. დაჩქარდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაფორმების პროცესი;
18. პოლიტიკური თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი და სხვა) და მათი ადმინისტრაციული ხარჯების პროპორციულად მიებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს; ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა და განათლება:
19. სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯების 200 მილიონი ლარით შემცირებისა და ზემოაღნიშნული ეკონომიკური რეფორმის ხარჯზე 8% ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის შედეგად ორი წლის განმავლობაში მოხდეს პენსიის 200 ლარამდე და მასწავლების მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდა; 20. ფარმაცევტულ სექტორში საქმიანობა დაეფუძნოს კონკურენციას და გაუქმდეს ხელოვნურად შემოღებული დამატებითი რეგულაციები რეცეპტებზე, რაც შეამცირებს ფასებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის მედიკამენტების ხარისხიანად და ეფექტურად მიწოდებას;
21. გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის, კერძოდ შეძლებული (წელიწადში 40 000 და მეტი ლარი შემოსავალი მქონე) მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოღებისა და დამატებითი ინვესტიციების ხარჯზე ამ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა უზრუნველყოფა მედიკამენტების გაფართოებული ჩამონათვალით;
22. გაგრძელდეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, კერძოდ რეგიონალური საავადმყოფოების მშენებლობა და ამოქმედდეს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა რეგიონში მაღალი სტანდარტითა და ეფექტურად შეძლონ მკურნალობა.
23. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მოხდეს კერძო ინიციატივების და სერვისების წახალისება სამედიცინო და ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში;
24. გადაიხედოს სტუდენტების დაფინანსების გადანაწილების დღეს არსებული არასამართლიანი და არარაციონალური სისტემა და გამონთავისებული თანხების ხარჯზე მოხდეს სახელმწიფოსგან დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის გაორმაგება;
25. სკოლის დირექტორების დანიშვნისა და სკოლის მართვის, მათ შორის საკუთარი შემოსავლის განკარგვის ფუნქცია დაუბრუნდეს არჩეული სამეურვეო საბჭოს;
26. კერძო და საჯარო სკოლებისთვის მოსწავლის ვაუჩერის თანხობრივი ოდენობის გათანაბრება;
27. გაიზარდოს უმაღლეს სასწავლებლებისთვის ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, მათთვის ქონების გადაცემისა და მათი ფინანსური აქტივების სახელმწიფო ხაზინიდან გამოტანის გზით;
28. პროფესიული განათლება გადაყვანილი იქნას ვაუჩერულ სისტემაზე; დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება: მნიშვნელოვანია, მოხდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და თვითმმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, რაც ითვალისწინებს შემდეგ მოკლევადიან ნაბიჯებს:
29. პარლამენტმა დაამტკიცოს რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო სისტემა;
30. გაუქმდეს წესი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს 2/3-ს აქვს არჩეული მერის/გამგებელის გადაყენების ოცნება. ამავე დროს ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი ზომების გატარება:
31. მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) და მსგავსი სტრუქტურების (ყოფილი კუდი) გაუქმება და შსს ცალკეული სტრუქტურების ფუნქციების კანონით დეტალურად გაწერა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაციას და მასზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებას;
32. განხორციელდეს მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ დანიშვნა, რაც ხელს შეუწყობს პროკურატურის დეპოლიტიზაცია და გამორიცხავს არაფორმალურ მმართველობას;
33. მოხდეს ფარულ მიყურადების ე.წ. “შავი ყუთის” შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასამართლოს დაქვემდებარებაში გადატანა;
34. ამოქმედდეს მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესი; განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვნად ამუშავება, რაც ამ ეტაპზე გულისხმობს მის ამოქმედებას ყველა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;
35. შეიქმნას სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭოები, მონიტორინგის მიზნით მოხდეს შენობების ვიდეოკამერებით სრულად აღჭურვა და ჩანაწერების სავალდებულო, გრძელვადიანი შენახვა;
36. გაუქმდეს მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის წესი; აღნიშნული პროგრამა მოიცავს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისიდან გამოსვლისთვის საჭირო პირველი რიგის ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებას და შემსუბუქებას. აღნიშნული პროგრამა არ მოიცავს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ ზოგიერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ სფეროებსა და საკითხებს.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს მუშაობას კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე და გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს ის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. “ჩვენი პარტია კვლავაც ადასტურებს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დეოკუპაციის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განვითარების, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში თავისი პრინციპებისა და პოზიციების მიმართ ერთგულებას, რომლებიც გადმოცემულია 2013 წლის 5 ოქტომბერს ენმ მეექვსე ყრილობაზე მიღებულ სამოქმედო პროგრამაში”, – აცხადებენ პარტიაში. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადების თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის 2,5 წელიწადის თავზე სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი და ქვეყნის არაფორმალური მართვა. “საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთი ამოცანების მოგვარებას, როგორიცაა: ეკონომიკის ზრდის ტემპის უზრუნველყოფა, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და, როგორც შედეგი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ბიუჯეტის შესრულება; მოსახლეობის წინაშე მდგომი სოციალური პრობლემების მოგვარება; კრიმინალთან ბრძოლა; გახშირებული ოჯახურ, ქალებისა და უმცირესობების მიმართ ძალადობის პრევენცია, დამნაშავეთა დასჯა და უსაფრთხო საზოგადოებრივი გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების, ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით და ოპოზიციის პოლიტიკური დევნით, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი”, – აცხადებენ პარტიაში.