ადეიშვილის შეხვედრა “ნაციონალებთან” და მუქარა: “გაჩვენებთ, რასაც გიზამთ” – რას ჰყვება სალუქვაძე
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი “მთელ საქართველოს ციხეში ამოლპობით“ დაემუქრა. აღნიშნულ ინფორმაციას “ყველა თაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე გია სალუქვაძე ავრცელებს. როგორც სალუქვაძემ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ადეიშვილმა მუქარით ქართველ ბიზნესმენს კიევში სასტუმრო “ჰილტონში“ მიმართა.
“ყველა თაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ ბიზნესმენზე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის ადეიშვილის მხრიდან უსამართლოდ ზეწოლას და დევნას განიცდიდა.
გია სალუქვაძის თქმით, ბიზნესმენი, რომელიც მისი მეგობარია, კიევში სასტუმრო “ჰილტონში“ ადეიშვილს შემთხვევით შეხვდა.
როგორც სალუქვაძე ბიზსნესმენ მეგობარზე დაყრდნობით აცხადებს, ადეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერთან მართავდა შეხვედრას.
“ჩემი მეგობარი ბიზნესმენი, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სერიოზულ წნეხს და დევნას განიცდიდა, ადეიშვილს და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შემთხვევით შეხვდა. შექმნილმა ვითარებამ ჩემი მეგობარი გააღიზიანა, მივიდა ადეიშვილთან და დაინტერესდა, ახლა “რა მზაკვრობას“ გეგმავდა “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთნ ერთად. ადეიშვილს თავიდან ვერაფერი უპასუხია, შემდეგ, რაღაცა მანძილით რომ დაშორებია, ჩემი მეგობრისთვის მიუძახებია: წელიწად-ნახევარში გაჩვენებთ, რასაც გიზამთ, ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო – ეს არის აშკარა რევანშის მცდელობა, როგორც ჩანს, “ნაცბანდას“ აქვს მზაკვრული ჩანაფიქრი და არაფერს იშურებენ ამ გეგმის განსახორციელებლად. უკრაინაში ისინი ისარგებლებენ ქაოსით და საკმაოდ დიდ ფულს მოუყრიან თავს, ასევე მობილიზებას გაუკეთებენ თავის დროზე ჩვენი ჯიბეებიდან მოპარულ თანხებს და დაიწყებენ რევანშს“, – აცხადებს სალუქვაძე.
“ყველა თაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ხელისუფლებას რეგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ “მზაკვრული ჩანაფიქრის“ განხორციელების უფლება არ უნდა მიეცეს.