ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გვიან ღამით დედაქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან ერთად ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის დაზიანებული მონაკვეთის მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
დავით ნარმანიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 -საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობს 2 აგრეგატი, ეწყობა საყრდენი კედელი, იბურღება ხიმინჯები, დაბეტონდება არმატურის ნაჭრები, იცვლება კომუნიკაციები და კეთდება სანიაღვრე სისტემა. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება ქვაფენილი.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, ხიმინჯებზე მუშაობა 5-6 დღეში დასრულდება.
უახლოეს დღეებში დაიწყება კომუნიკაციის მოწესრიგება. ქვაფენილის დაგება, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყება.
„თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, შევეცდებით, ყველა სამუშაო მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში დავასრულოთ,“ – აღნიშნა ავთანდილ სუდაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს. საყრდენი კედელი მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე 12 იანვარს ჩამოიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები