ირაკლი ფირცხალავა: მე დამაკავებენ, თუმცა დამალვას არ ვაპირებ


მე ნამდვილად ველოდები, რომ დამაკავებენ, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებს.

“ხორციელდება ზეწოლა. ამ წნეხის პირობებში კი მეც და ჩემი მეგობრებიც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად დაგვაკავებენ. თუმცა, გაქცევას და დამალვას არ ვაპირებთ. არც მოწმეებზე ზეწოლას არ ვახდენთ”, – აცხადებს ფირცხალავა.

ირაკლი ფირცხალავამ ინტერვიუში ია მეტრეველის და სახალხო დამცველის განცხადებაზეც ისაუბრა.

“ეს არის ერთი წლის წინანდელი ამბავი. მაშინ ვაზაგაშვილების ადვოკატებმა თქვეს იგივე, შემდეგ ქალბატონი ია მეტრეველი საუბრობდა ამაზე. მინდა, ვთქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე გასული წლის 27 იანვარს მივმართე შსს-ს, გამოეძიებინა ეს ფაქტი. დამიბარეს, დამკითხეს, საბოლოოდ კი მითხრეს, რომ ამ საქმის გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, რადგან საქმეში პატიმარი ფიგურირებდა”, – განაცხადა ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო აპარატის წარმომადგენელმა პატიმარ ლაშა შავიძისგან ინფორმაცია მიიღო, სადაც ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის სავარაუდო ლიკვიდაცია იგეგმებოდა. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ია მეტრეველის სავარაუდო ლიკვიდაციას ყოფილი ხელისუფლებისდროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები გეგმავდნენ. მათ შორის, უჩა ნანუაშვილმა ირაკლი ფირცხალავა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები